GE EN

გერმანელი კინორეჟისორი, თეატრის რეჟისორი, ოპერატორი და მწერალი

დაიბადა დასავლეთ ბერლინში, გერმანიაში. სწავლობდა ფერწერას, მუსიკას, ფილოსოფიას, რელიგიისა და თეატრის ისტორიას, სხვადასხვა თეატრებში მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ ჩააბარა ბერლინის კინოსა და ტელევიზიის გერმანულ აკადემიაში (dffb), სადაც 1989-დან 1994 წლამდე სწავლობდა. აკადემია კინოს რეჟისორისა და ოპერატორის კვალიფიკაციით დაამთავრა. მისი სადიპლომო ფილმი „ბედისწერა“ გერმანიის ნაციონალური კინოპრიზით აღინიშნა 1995 წელს.

ფრედ კელემენს, როგორც რეჟისორს, გადაღებული აქვს რამდენიმე ფილმი: „Kalyi“ (1993), „ბედისწერა“ (1994), „ყინვა“ (1997/1998), „მწუხრი“ (1999), „ვარდნა“ (2005), «Snares» (2014/2015), ხოლო როგორც ოპერატორი, ის თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ და გამოჩენილ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: ბელა ტარი („მოგზაურობა ვაკეზე“, უნგრეთი, 1995; „ადამიანი ლონდონიდან“, უნგრეთი, საფრანგეთი, გერმანია, 2007; „ტურინული ცხენი“, უნგრეთი, საფრანგეთი, აშშ, გერმანია, 2011), გარინე ტოროსიანი („ქვა, დრო, შეხება“, კანადა, სომხეთი, 2005), რუდოლფ თომე („ხილული და უხილავი“, გერმანია, 2006), იოსებ ფიჩხაძე („ტკბილეული“, ისრაელი, 2013) და სხვები.

1995 წლიდან ფრედ კელემენი აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. რეგულარულად ასწავლის და ატარებს მასტერკლასებსა და ლექციებს ისეთ საგანმანათლებლო ცენტრებში, როგორიცაა: ნატიფი ხელოვნების კოლეჯი (E.S.B.A.G.) ჟენევაში (შვეიცარია), კატალონიის კინემატოგრაფიული კვლევების ცენტრი (C.E.C.C.) ბარსელონაში (ესპანეთი), ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ), კიდერმინსტერის კოლეჯი (ინგლისი), ლატვიის კულტურის აკადემია (L.K.A.) რიგაში, სანტიაგო დე ჩილეს უნივერსიტეტი – ვიზუალური მედიის ხელოვნებისა და მეცნიერების დეპარტამენტი (ჩილე), უნივერსიტეტი თამასატი ბანგკოკში (ტაილანდი), კინოსა და ტელევიზიის გერმანული აკადემია (dffb) ბერლინში, თელ ავივის უნივერსიტეტი –კინოსა და ტელევიზიის ფაკულტეტი (ისრაელი), ნატიფი ხელოვნების ეროვნული სკოლა (E.N.B.A.) ლიონში (საფრანგეთი), კინოაკადემია „Film Factory“ სარაევოში (ბოსნია და ჰერცეგოვინა), ზაარის კინოაკადემია ზაარბრიუკენში (გერმანია).

2001 წლიდან ფრედ კელემენი დგამს სპექტაკლებს გერმანიის თეატრებში. ჰანოვერის დრამატულ თეატრში მან დადგა სპექტაკლი რეი ბრედბერის რომანის „451 გრადუსი ფარენჰაიტით“ მიხედვით, მისი რეჟისურით დაიდგა აგრეთვე სპექტაკლი „სიყვარული“ ბერლინის თეატრში „ფოლკსბიუნე“ იუჯინ ო’ნილის პიესის „სიყვარული თელებს ქვეშ“ მიხედვით.

მისი ნამუშევრების რეტროსპექტივები წარმოდგენილი იყო ნიუ-იორკის კინოს ანთოლოგიის არქივში (Anthology Film Archives, New York), ლონდონის გალერეაში Tate Modern, უნგრეთის ნაციონალურ კინოთეატრში ბუდაპეშტში, მექსიკის ნაციონალურ ფილმოთეკაში Cineteca Nacional, იერუსალიმის, თელ-ავივისა და ჰაიფას სინემათეკებში ისრაელში, საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მსოფლიოს სხვა მრავალ სინემათეკასა თუ კინოს მუზეუმში.

ფრედ კელემენი არაერთ კინოფესტივალზე იყო მიწვეული ჟიურის წევრად, არის ევროპული კინოაკადემიის (E.F.A.), გერმანული კინოაკადემიისა და ევროპის კულტურის პარლამენტის (E.C.P.) წევრი, აგრეთვე აშშ-ის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის (A.M.P.A.S.) წევრი. არის მრავალი საერთაშორისო და ნაციონალური ჯილდოს მფლობელი.

 

ფილმოგრაფია

რეჟისორი და ოპერატორი:

  • Kalyi (1993)
  • ბედისწერა / Verhängnis (1994) 
  • ყინვა / Frost (1997/1998)
  • მწუხრი / Abendland (1999)
  • ვარდნა / Krišana (2005)
  • Snares (2014/2015)

ოპერატორი:

  • მოგზაურობა ვაკეზე / Utazás az Alföldön (1995, რეჟ. ბელა ტარი)
  • ტატაო სამოა / Tatao Samoa (დოკუმენტური, 2000, რეჟ. გიზა შლეელაინი)
  • ქვა, დრო შეხება / Stone, Time, Touch (დოკუმენტური, 2007, რეჟ. გარინე ტოროსიანი)
  • ადამიანი ლონდონიდან / A londoni férfi (2007, რეჟ. ბელა ტარი)
  • ხილული და უხილავი / Das Sichtbare und das Unsichtbare (2007, რეჟ. რუდოლფ თომე)
  • ტურინული ცხენი / A torinói ló (2011, რეჟ. ბელა ტარი)
  • ტკბილეული / Sukaryot (2013, რეჟ. იოსებ ფიჩხაძე)


თეატრალური დადგმები:

  • სიყვარული (იუჯინ ო’ნილის პიესის მიხედვით, 2001, თეატრი „ფოლკსბიუნე“, ბერლინი)
  • ფარენჰაიტი 451 (რეი ბრედბერის რომანის მიხედვით, 2002, თეატრი „შაუშპილჰაუს“,ჰანოვერი)
  • ვთამაშობთ შტამჰაიმს (ოლივერ შეზლიკის მიხედვით, თეატრი „სოფიენზელე“, ბერლინი)

პრიზები:

  • 1994 – „ფიპრესის“ პრიზი ფილმისთვის „ბედისწერა“, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი
  • 1995 – გერმანიის ნაციონალური კინოპრიზი („ვერცხლის ლენტი“) ფილმისთვის „ბედისწერა“
  • 1998 – „ფიპრესის“ პრიზი ფილმისთვის „ბედისწერა“, როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალი
  • 1999 – „ფიპრესის“ პრიზი ფილმისთვის „მწუხრი“, თესალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალი
  • 2005 – „ფიპრესის“ პრიზი ფილმისთვის „ვარდნა“, ევროპული კინოს ფესტივალი ლეჩეში
  • 2005 – ლატვიის ნაციონალური კინოპრიზი „საუკეთესო ოპერატორისთვის“ ფილმისთვის „ვარდნა“
  • 2006 – პრიზი „ვერცხლის პრომეთე“ საუკეთესო რეჟისურისთვის და სერგო ფარაჯანოვის სახელობის პრიზი ფილმისთვის „ვარდნა“, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
  • 2011 – პრიზი „ოქროს კამერა 300“ ფილმისთვის „ტურინული ცხენი“, ძმები მანაკების სახელობის ოპერატორების საერთაშორისო კინოფესტივალი
  • 2012 – უნგრეთის კინოპრიზი Magyar Filmkitiikusok Dija „საუკეთესო ოპერატორი“ ფილმისთვის „ტურინული ცხენი“
  • 2013 – გერმანელ კინოკრიტიკოსთა პრიზი 2012, „ინოვაციის პრიზი“ გამორჩეული ვიზუალური დიზაინისა და მთელი მხატვრული შემოქმედებისთვის
ჩვენი პარტნიორები