GE EN

სწავლების კონცეფცია

კინოსკოლაში საგანმანათლებლო პროგრამები თეორიისა და პრაქტიკის იმ თანაფარდობაზეა აგებული, რომელიც თანამედროვე პირობებში პროფესიის დაუფლებას ესაჭიროება. გულდასმით შედგენილი განრიგი მოიცავს ლექციებს, კურსებს, პრაქტიკულ მეცადინეობებს და უშუალოდ კინოწარმოების პროცესს.

სწავლების პირველივე დღეებიდან სტუდენტები სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოებში ჩაერთვებიან – სცენარის შექმნიდან დაწყებული, ფილმის შექმნით დამთავრებული. ჩართულობის ეს სტრატეგია იმის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომ სკოლის პედაგოგები რუსული და უცხოური კინემატოგრაფის „მოქმედი პირები“ არიან: რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები, ოპერატორები, ხმის რეჟისორები, დამდგმელი მხატვრები, სატელევიზიო ფორმატების შემქმნელები, კინომცოდნეები და კინოკრიტიკოსები.

რეჟისურა

კინოსკოლა იმ რეჟისორების თაობაზეა ორიენტირებული, რომლებიც ახალი ინსტრუმენტარიუმის გამოყენებით საკუთარ „სამყაროს სურათს“ ქმნიან. კურსებს, მეცადინეობებსა და სახელოსნოებს წამყვანი რუსი და უცხოელი კინორეჟისორები გაუძღვებიან, ანუ ისინი, ვინც ნულოვან წლებში შეცვლილი „სამყაროს სურათი“ ახლებურად გაიაზრა, თხრობისა და გადაღების საკუთარი მანერა იპოვა, კინოში ახალი გმირები მოიყვანა და ახალი სტილი შექმნა. 

სცენარი

სასცენარო ოსტატობას (კინოდრამატურგიას) წამყვანი რუსი და უცხოელი სცენარისტები ასწავლიან. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე მწერლები და დრამატურგები, მათ შორის, „ახალი დრამის“ წარმომადგენლები, რომელიც შთამბეჭდავად წარმოჩინდა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში.

ცნობილია, რომ რუსული კინოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ის ვერ „იჭერს სინამდვილეს“. „სინამდვილე“, ციფრულ მატარებელზე და ფირზე გადატანილი, მიუხედავად იმისა, თუ როგორია დრამატურგიის დონე, ხშირად  „ყალბი“ გამოდის. ეს იმას უკავშირდება, რომ არ არსებობს რეალობასთან მიდგომის ინსტრუმენტები. სცენარისტები ვერ ახერხებენ „ცოცხალი“ მეტყველების გადმოცემას, ვერ ახერხებენ „ცოცხალი“ სიტუაციების აღდგენას. ისინი სწორ, მაგრამ მკვდარ (არაქმედუნარიან) ლეკალოს იყენებენ. დიალოგები „არანამდვილია“, სიტუაციები – შაბლონური, და შედეგად ვიღებთ არა „ცხოვრებას“, არამედ ძველ, უკვე მრავალჯერ ნანახ კინოს. რეალობასთან მიდგომის სწორედ ამ კრიზისმა განაპირობა ის, რომ კინოსკოლა მიმართავს სცენარისტებს, მწერლებსა და დრამატურგებს, რომლებმაც თავიანთი ტექსტებით დაამტკიცეს, რომ „ცხოვრების მოხელთება“ შეუძლიათ. სცენარის აგების საფუძვლების, მისი დრამატურგიული კანონების სწავლებისთვის კინოსკოლა უცხოელ (უმეტესწილად ამერიკელ) სპეციალისტებს იწვევს. მაგრამ იმისთვის, რომ „სქემა“ „სქემადვე“ არ დარჩეს (რადგან სცენარი, რომელიც მხოლოდ კანონის მიხედვით არის დაწერილი, „ცოცხალი“ სცენარი არ არის, და რუსულ კინოში უმეტეს შემთხვევაში სწორედ ამას ვხვდებით) სწავლებაში ჩართულები არიან აგრეთვე წამყვანი რუსი მწერლები, რომლებიც სხვადასხვა ჟანრში მუშაობენ, მათ შორის, დეტექტივის, ფენტეზის და თრილერის ჟანრში. სწავლებაში მწერლების ჩართვა განპირობებულია იმის შეგნებით, რომ ამერიკულ სქემებსა და სისტემებს ჩვენს რეალობასთან ადაპტაცია ესაჭიროება და სტუდენტებმა, პირველ რიგში, რუსულ სინამდვილესთან და რუსულ მეტყველებასთან უნდა დაამყარონ „კონტაქტი“ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენონ ამერიკელი სპეციალისტების მიერ შემუშავებული სწორი კანონები და სქემები.

რეჟისორის მუშაობა მსახიობთან

სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა რეჟისორის მსახიობთან მუშაობას. პირველ რიგში, საქმე ეხება მსახიობის თამაშს, რომლის მიზანია, იყოს რეალისტური, და ჯერჯერობით ეს რუსული კინოს ყველაზე დიდ ხარვეზად რჩება. მეცადინეობები მოიცავს არა მარტო მსახიობთან მუშაობის უშუალო ტექნიკას, არამედ „ცხოვრების“ დაკვირვებასაც. სტუდენტები პედაგოგებთან ერთად „ცოცხალ ადგილებს“ ირჩევენ. შემდეგ სტუდენტები ამ ადგილებზე მიდიან – იქნება ეს ბაზრები, საავდმყოფოები, პორტები, შახტები, თავშესაფრები, რკინიგზის სადგურები, სამშობიარო სახლები, ტყეები, საპოლიციო უბნები, ოფისები თუ სუპერმარკეტები – და მოაქვთ წერილობითი და ვიდეოანგარიშები ნანახისა და გაგონილის შესახებ. მთელი ეს მასალა ანალიზდება შინაარსისა და ფორმის მიხედვით – სტუდენტებმა უნდა ისწავლონ, რომ ყურადღებით მოეკიდონ ცხოვრების „ფორმებს“, ყოველდღიურ მეტყველებას, არგოს.

სკოლა მოწოდებულია, რომ არა მარტო კინოგანათლებას, არამედ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც იძლეოდეს, ყურადღებას აღვიძებდეს იმ მასალის (თიხის) მიმართ, რომლისგანაც შემდეგ კინო უნდა გაკეთდეს და სცენარი დაიწეროს.

მსახიობთან მუშაობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტექსტის ანალიზს; თამაშის მოინახაზის აგებას; ფსიქოლოგიურ და მხატვრულ სტრუქტურებთან მუშაობას; ტექნიკაზე, პლასტიკაზე, მეტყველებაზე მუშაობას. მეცადინეობების დროს განხილული იქნება სხვადასხვა მეთოდები: რეალისტური, ეპიკური, ნატურალისტური, ნეიტრალური. სტუდენტები თავად მიიღებენ დადგმებში მონაწილეობას, პრაქტიკაში გამოცდიან ყველა ამ მეთოდს.

საოპერატორო ოსტატობა

საოპერატორო ოსტატობას „მოქმედი“ ოპერატორები ასწავლიან. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, არა მარტო თეორიულად დაეუფლონ ოსტატობის ანბანს, არამედ პრაქტიკულადაც. სამყაროს სურათი იცვლება და მასთან ერთად იცვლება მისი ასახვის ფორმები. იცვლება დამოკიდებულება სიმკვრივის, პერსპექტივის, დისტანციის მიმართ. სკოლა მოწოდებულია, რომ სტუდენტებს არა მარტო საოპერატორო ოსტატობის კანონები შეასწავლოს, არამედ განუვითაროს მათ მგრძნობიარობა „ნამდვილი სურათის“ აღქმისთვის – მგრძნობიარობა მოძრაობის, რაკურსის, იმ ყველაფრის მიმართ, რაც „ოპერატორის თვალს“ აყალიბებს. აქედან გამომდინარე, სწავლებისთვის მოწვეულები არიან ოპერატორები, რომლებსაც არა მარტო „ლამაზი სურათის“ შექმნა შეუძლიათ, არამედ ისიც შეუძლიათ, რომ ეს სურათი „ცოცხალი“ იყოს.

მსახიობების შერჩევის პრინციპები (ქასთინგი)

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მსახიობების შერჩევის პრინციპებს. ტიპებისა და ხასიათების აშკარა მსაგავსების პოვნის გარდა  კასტინგი განსაკუთრებულ კინემატოგრაფიულ გრძნობას/ალღოსაც გულისხმობს – შუა საუკუნეებში მხატვრები ასე პოულობდნენ თავიანთ მოდელებს. არსებობს ცოცხალი და უსიცოცხლო სახეები, ცოცხალი და უსიცოცხლო ტანადობა, ფიგურები, ჟესტები. მსახიობს, რომელიც კარგია ტექნიკისა და „ხასიათის“ მხრივ, შეიძლება უსიცოცხლო სახე ჰქონდეს. ციფრულ მატარებელზე ან ფირზე მოხვედრისას ასეთი სახე თავის უსიცოცხლო ბუნებას ამჟღავნებს. სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა „ცოცხლისა“ და „უსიცოცხლოს“, ცალკეულისა საყოველთაოს გარჩევის უნარს.

ადგილების შერჩევის პრინციპები (ლოკაცია)

სახეების მსგავსად, არსებობს აშკარად უსიცოცხლო ადგილებიც (ლოკაცია). საჭიროა „ცოცხალი“ ინტერიერების, ლანდშაფტების, ქუჩების „უსიცოცხლოსგან“ გარჩევა. სხვა შემთხვევაში, „არასწორი“ ლოკაცია ბერმუდის სამკუთხედივით ჩაყლაპავს მსახიობს, მოქმედებას და თვით ფილმსაც.  ლოკაციასაც აქვს თავისი ფარული გასაღებები და პრინციპები. საჭიროა მათი ცოდნა, საჭიროა მგრძნობიარობის გამომუშავება ადგილების შესაცობად. სკოლაში ამ საკითხსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

განათება, რაკურსი, ფერი

განათება, რაკურსი და ფერი აგრეთვე შეიძლება იყოს „ცოცხალი“ ან „უსიცოცხლო“. კარგად დაყენებული ნახატი განათება შეიძლება სულაც არ იყოს ცოცხალი. პირიქით, ხშირად „სწორი“ „უსიცოცხლო“ აღმოჩნდება ხოლმე. როგორც „უსიცოცხლოა“ ხოლმე კარგად აგებული კომპოზიციები და ჩახლართული რაკურსები. ამ ცალკეულმა კომპონენტებმა შეიძლება მოკლან ფილმი. არსებობენ „მკვლელი“ ოპერატორები, „მკვლელი“ მხატვრები, „მკვლელი“ რეჟისორები. სკოლაში დიდი ყურადღება დაეთმობა იმ კომპონენტებსა და მატერიებს, რომლებისგანაც აგურ-აგურ კეთდება ფილმი. სკოლა ასწავლის ყურადღებას განათების, ფერის, რაკურსის, კომპოზიციის სიცოცხლის მიმართ, იძლევა ცოდნას ამ მატერიების საიდუმლოების, მათი ქიმიისა და ალქიმიის შესახებ.

მონტაჟი

სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მონტაჟური აზროვნების ფორმირებას. ისე, როგორც მეტყველებაში აზრი წინადადებით გადმოიცემა და არა სიტყვებით, კინემატოგრაფში თხრობა წარმოებს არა კადრებით, არამედ მონტაჟური ფრაზებით. მონტაჟური ფრაზები ქმნის სტილს (სპეციფიკურ კინოენას). სკოლა ასწავლის მონტაჟური ფრაზებით აზროვნებას ჯერ კიდევ სცენარის დონეზე.

გადაღება

დიდი ყურადღება დაეთმობა გადაღების ენასა და სტილს. გადაღების მანერა – ეს იგივეა, რაც ფუნჯის მონასმი ფერწერაში. გადაღების საშუალებით შეიძლება დაიჭირო ფარული აზრი, რომელიც ზედაპირზე არ დევს, არ გადმოიცემა არც შინაარსით, არც მსახიობის თამაშით, არც განათებით და ფერით. თვით გადაღება შინაარსისა და მსახიობის თამაშისგან დამოუკიდებლად შეიძლება ატარებდეს განგაშის ან განცხრომის, პანიკის ან სასიყვარულო გაშმაგების ელემენტებს. კამერის მოძრაობის უკან შეიძლება იდგეს ღმერთი პანი ან ღმერთი დიონისე.

სერიალების შექმნა

სკოლაში იქნება სპეციალური კურსები, რომელიც სერიალების შექმნას მიეძღვნება. მიზანი არის სცენრისტებისა და რეჟისორების აღზრდა, რომლებიც მაღალხარისხიან სატელევიზიო პროდუქტს შექმნიან. ამერიკული, ბრიტანული, გერმანული სერიალები ზოგჯერ უფრო მაღალ სასცენარო და სტილისტურ დონეზეა გაკეთებული, ვიდრე კინო. ამის მაგალითებია სერიალები: Breaking Bad, „შეშლილები“ (Mad Men), „ბოსი“ (Boss), „ტვინ პიქსი“ (Twin Peaks), „ზღვარი“ (Fringe), „დოქტორი ჰაუსი“ (House, M.D.), „სოპრანოს კლანი“ (The Sopranos), „დრაილებენ – რაღაც სიკვდილზე უკეთესი“ (Dreileben — Etwas Besseres als den Tod), „კლიენტი ყოველთვის მკვდარია“ (Six Feet Under). კურსებს წარუძღვებიან ამერიკელი და ევროპელი სცენარისტები და პროდიუსერები, იდეის ავტორები. სტუდენტები პრაქტიკაში გაეცნობიან, როგორ იქმნება პროდუქტიული იდეები, როგორ ხდება მათი განვითარება, საუკეთესო სტუდენტებს კი საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ მაღალხარისხიანი სერიალების წარმოებაში, რეალურ პროექტებზე გაიარონ პრაქტიკა.

კინომცოდნეობა, კინოკრიტიკა

იყო დრო, როდესაც რეჟისორები ანგარიშს უწევდნენ კინოკრიტიკას. კინოკრიტიკოსები არა მხოლოდ აანალიზებდნენ ფილმებს, ფილმებში უბრალოდ არსებულ თუ არარსებულ ნიშნებსა და სიმბოლოებს კი არ ეძებდნენ, არამედ თეორიებს ქმნიდნენ და იმ ინტელექტუალურ და მენტალურ რგოლს წარმოადგენდნენ, რომელიც რეჟისორებს სივრცეში ორიენტირებაში, საკუთარი თემის, საკუთარი ენის, საკუთარი სტილის პოვნაში ეხმარებოდა. ასე იყო იტალიური ნეორეალიზმის, ახალი ფრანგული ტალღის შემთხვევაში, ასე იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსული ფორმალიზმის სკოლის შემთხვევაშიც. შკლოვსკი, ტინიანოვი, იაკობსონი, ეიხენბაუმი უბრალოდ ლიტერატურული და კინოკრიტიკით არ იყვნენ დაკავებულები – ისინი „ლიტერატურის სივრცეს“ და „კინოს სივრცეს“ ქმნიდნენ.

კრიტიკა იყო ინტელექტუალური საფუძველი – ის მენტალური ველი, რომელში  მოხვედრისას იზრდებოდა და იფურჩქნებოდა ლიტერატურა და რეჟისურა.

კრიტიკის ძირითადი დანიშნულება არა სახელდობრ კრიტიკა, არამედ მენტალური ველის შექმნაა. კინოსკოლა მიზნად ისახავს საფუძვლის შექმნას ისეთი კრიტიკის აღმოსაცენებლად, რომელიც ფონის შექმნას შეძლებს, შეძლებს, „ააღელვოს“ გონება, პირველ რიგში კი – რეჟისორების გონება. მასწავლებლებლად მოწვეულები არიან რუსეთის წამყვანი კინოკრიტიკოსები და კინოს თეორეტკოსები, აგრეთვე სხვა პროფესიების გამოჩენილი წარმომადგენლები: ფილოსოფოსები, სემიოტიკოსები, თანამედროვე ხელოვნების თეორეტიკოსები.

თანამედროვე ხელოვნება

სწავლებაში ჩაერთვებიან აგრეთვე თანამედროვე ვიდეო- და მედიახელოვნების წამყვანი წარმომადგენლები, თანამედროვე მხატვრები. ესეც კინოსკოლის ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი თავისებურებაა, რადგან უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ვიოდეოხელოვანებს თავისი დამოუკიდებელი და ორიგინალური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ „ვიზუალურის“ მიმართ. დასავლურ კინემატოგრაფში არსებობს კინოსა და თანამედროვე ხელოვნების ურთიერთგამსჭვალვის ტენდენცია. ამ ტენდენციის ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს კანის 2010 წლის „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი აპიჩატპონგ ვერასეტაკუნი, აგრეთვე რეჟისორები ალექსანდრ მაქქუინი, ფილიპ გრინრიე, შირინ ნეშატი და სხვები.

თეორიული კურსები

კინოსკოლაში არის მრავალი თეორიული კურსი: წამყვანი რუსი ფილოსოფოსის, ვალერი პოდოროგას კურსის სახელწოდებაა „ავტო-ბიო-გრაფია“. მისი თემაა ცხოვრების ისტორია ფსიქოანალიტიკურ პერსპექტივაში. ცნობილი ფილოსოფოსი ოლეგ არონსონი კითხულობს კურსს „დელეზი და კინო“, ხოლო ფილოსოფოსი ელენა პეტროვსკაია – კურსს „სახე-ხატის თეორია“. პოეტი ოლგა სედაკოვა ისაუბრებს „ჭვრეტის გრამატიკაზე“. ლეგენდარული მხატვარი და კინორეჟისორი რუსტამ ხამდამოვი ისაუბრებს ხელოვნებაში ფორმისა და სტილის შესახებ, ხოლო გარიკ ოსიპოვი (გრაფი ხორტიცა), ერთ-ერთი მთავარი „ჩრდილოვანი“ კულტურტრეგერი, გონების მოუსვენრობის გამოღვიძებაზე იზრუნებს. მხატვარი და მწერალი პაველ პეპერშტეინი წაიკითხავს კურსს „სიზმრების განმატრება“, ხოლო ხელოვნებათმცოდნე ალექსანდრ იაკიმოვიჩი – კურსს „საფუძვლების შერყევის ხელობნება“. როკმუსიკოსი ანჟეი ზახარიშჩევ ფონ ბრაუში ჩაატარებს მასტერკლასს სახელწოდებით „სკალპი და ცისკიდე“, რეჟისორი არტურ არისტაკისიანი კი იმის დანახვას ასწავლის, რაც უშუალო მზერისგან დაფარულია – მისი კურსის სახელწოდებაა „მხედველობის ენა“.

ცალკეული კურსები ფსიქოანალიზსა და ფსიქიატრიას, ამ დისციპლინების კინოხელოვნებასთან ურთიერთობას ეძღვნება. ამ კურსებს ქვეყნის წამყვანი ფსიქოლოგები და ფსიქიატრები წაიკითხავენ. სხვა კურსები მიეძღვნება ლიტერატურას, მუსიკას, არქიტექტურას. არის მეცადინეობები, სადაც სტუდენტებმა თავად უნდა დაწერონ სტატიები, ესეები, თხზულებები, სცენარები. მთელი რიგი საგნებისა ეძღვნება იმას, თუ როგორც არის გაკეთებული ფილმი, სურათი, ლიტერატურული ან მუსიკალური ნაწარმოები სრტუქტურული, კომპოზიციური, სტილისტური, გრამატიკული თუ სემოიტური თვალსაზრისით.

რისთვის არის საჭირო ლიტერატურა და ფილოსოფია?

ერთხელ მალერმა შონბერგს მის სტუდენტებზე უთხრა: „აიძულეთ ეს ხალხი, დოსტოევსკი წაიკითხონ! ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონტრაპუნქტი“. მაგრამ რა უნდა იყოს მუსიკოსისთვის კონტრაპუნქტზე უფრო მნიშვნელოვანი? რას გულისხმობდა მალერი? რაზეა საუბარი? გონების აღელვებაზე. გონება შეიძლება აღელვებული იყოს ისე, როგორც ზღვა არის ხოლმე აღელვებული, და კონტრაპუნქტის, დრამატურგიის, გადაღების, მონტაჟის არავითარ კანონებს აზრის არა აქვს ამ აღელვებული „ზღვისა“ და აღელვებული გონების გარეშე. მკვდარ წყალში კანონები არაფერს ნიშნავს. ამიტომ „დოსტოევსკი“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონტრაპუნქტი, და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დრამატურგიისა და კინემატოგრაფის კანონები. მან შეიძლება შენში „ზღვა“ აღძრას, და თუ არის „ზღვა“, მაშინ შენ გეკუთვნის შენი თავი. მაშინ შეიძლება კანონების გამოყენება და შეიძლება მათი დარღვევა. „დოსტოევსკი“ გონების მოუსვენრობის მეტაფორაა. აი, რისთვის არის თურმე საჭირო ლიტერატურა და ფილოსოფია. სკოლაში დისციპლინები და მასწავლებლები განსაკუთრებული წესით იმისთვის კი არ არიან შერჩეულნი, რომ „ზოგადი განათლება“ მისცენ (ის უსარგებლოა, როგორც ყველაფერი „ზოგადი“), არამედ იმისთვის, რომ ჩვენში ზღვა აღძრან და მას ნაპირები გაარღვევინონ.

რისთვის არის საჭირო ფსიქოანალიზი, ფსიქიატრია, სიზმრების განმარტება?

თანამედროვე ხელოვანები (განსაკუთრებით, კინემატოგრაფისტები) უკვე დიდი ხანია, არ ოცნებობენ. კლერკების, დიასახლისების, სავაჭრო აგენტების მსგავსად ისინიც საქმეს აკეთებენ. ისინი საქმიანი ადამიანები არიან. საქმიანი ხალხი  თვალს ადევნებს რეიტინგებს, ითვლის ფულს, აკეთებს პროგნოზებს. ამ ადამიანების ლექსიკაში ხშირად გაიგონებთ სიტყვებს „ბოქს-ოფისი“, „პროფესიული უნარ-ჩვევები“, „საერთაშორისო დონე“. ნატვრა, ოცნებები, ვნება, მანკიერება, სიზმრები უკვალოდ განდევნილია მათი ცხოვრებიდან. მათ მხოლოდ ცხადი აქვთ  – მიზნები, წარმატება, სქემები, წესები, კარიერა. მათი მზერა გარეთ არის მიმართული.

მაგრამ შეუძლებელია კონსტრუირება ისეთი ფილმებისაც კი, როგორსაც სტივენ სპილბერგი, ტიმ ბარტონი, რიდლი სკოტი, კვენტინ ტარანტინო იღებენ, თუ მზერას მხოლოდ გარეთ მივაპყრობთ – ეს ფილმები სავსეა გატაცებებით, მანკიერებით, ბავშვური ოცნებებითა და ვნებით. შეუძლებელია კონსტრუქტის კოპირება, არ შეიძლება, მხოლოდ კანონით იხელმძღვანელო.

ფსიქოანალიზი (და ყველა მასთან დაახლოებული დისციპლინა) მზერას შიგნით მიმართავს, მაგრამ თუ მზერა ერთხელ შიგნით მიექცევა, ის უკან აღარ ბრუნდება. ეს დისციპლინები სიზმრებს, ოცნებებს, ფარულ მისწრაფებებს, ვნებებს ქექავს, და შენ მათ ტყვეობაში, ანუ საკუთარი თავის ტყვეობაში ექცევი.

ჩვენი პარტნიორები