GE EN

ვეცდები, მოკლედ ჩამოვაყალიბო ჩემი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს სარეჟისორო-სასცენარო ორწლიანი კურსები და რა პრიორიტეტებით უნდა წარიმართოს პროცესი.

პირველ რიგში, ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ თითოეულ სტუდენტს აღმოვაჩენინო საკუთარი, ინდივიდუალური ხედვა, დავეხმარო ამ ხედვის, სამყაროს აღქმის გააზრებაში და ფილმზე მუშაობისას ამ ყველაფრის რეალიზებაში. მე მექნება მედიატორის, შუამავლის ფუნქცია სტუდენტსა და მის ჩანაფიქრს შორის.

ჩემი აზრით, დღეს, როდესაც ფილმების უმეტესობა, ასე ვთქვათ, „დაშტამპულია“, ვგულისხმობ დრამატურგიას, თხრობის მანერას, ვიზუალსაც კი, მცდელობა, იპოვო შენი საკუთარი ხედვა, საკუთარი დამოკიდებულება სხვადასხვა მოვლენებთან, მათი გააზრება და ბოლოს სურვილი, რომ შენებურად უამბო ამის შესახებ მაყურებელს, ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ახალგაზრდა რეჟისორისთვის, არამედ საერთოდ ახალგაზრდა, მოაზროვნე ხელოვანისთვის.

პრაქტიკულ სამუშაოებს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ამ დროს ყალიბდება გემოვნება, ჩნდება საკუთარი მიგნებებით მიღებული კმაყოფილება, რაც ზრდის ახალგაზრდა ხელოვანის მოტივაციას, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჩამოყალიბებისთვის.

ამ ეტაპზე მე ორ ფილმზე ვმუშაობ, ერთზე საქართველოში, ხოლო მეორეზე გერმანიაში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ მათ შექმნაში, სცენარიდან დაწყებული, მონტაჟით დამთავრებული. ფილმზე მუშაობის ყველა ეტაპზე მათ ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებაში (სცენარზე მუშაობა, მსახიობებისა და ლოკაციების შერჩევა, გადაღებებზე დასწრება და სხვა).

ამავე დროს, აუცილებელ პირობად მიმაჩნია, რომ თითოეულმა სტუდენტმა სწავლის პროცესში საკუთარი რამდენიმე ფილმი გადაიღოს. სცენარებზე სცენარისტები და რეჟისორები ერთად იმუშავებენ, რაც იქნება წინაპირობა იმისა, რომ აუცილებლად ჩამოყალიბდება პირველი შემოქმედებითი თანამშრომლობის პრეცედენტები.

გაიმართება კინოკლასიკის და ახალი საინტერესო ფილმების ჩვენება, მათი დეტალური გარჩევა, ფილმების განხილვა დრამატურგიის, მსახიობების თამაშის, მუსიკალური გაფორმების, გამოსახულების ანალიზისა თუ სხვა კუთხით.

მხოლოდ შემოქმედებითი თავგადასავლის შეგრძნება ბადებს იმ საოცარ სიხარულს, რასაც, ჩემი აზრით, ფილმის შექმნის პროცესში აუცილებლად უნდა განიცდიდე. ამიტომ ამ კურსს მე დავარქმევდი – ფილმის კეთება, როგორც თავგადასავლი!

 

დიმიტრი (დიტო) ცინცაძე

ჩვენი პარტნიორები