GE EN

 

კავკასიის ახალი კინოს სკოლა გთავაზობთ კინოხელვონების სამაგისტრო პროგრამას ორი სპეციალობით: კინორეჟისურა და კინოდრამატურგია.

ხედვა

კავკასიის ახალი კინოს სკოლა პრინციპულად ახალი ფორმატის სკოლაა. ის არა მარტო ხელობას ასწავლის, ის ასწავლის „ხედვას“. იმისთვის რომ სკამი გააკეთო, ჯერ სკამის იდეა უნდა გქონდეს, იმისთვის, რომ შუბი გააკეთო, ჯერ შუბის იდეა უნდა გქონდეს, იმისთვის, რომ ფილმი გააკეთო, ჯერ ფილმის იდეა უნდა გქონდეს. არ შეიძლება, ასწავლო „კეთება“, სანამ „დანახვას“ არ ასწავლი.

იყო რეჟისორი, ნიშნავს არა მარტო ხელობის ცოდნას, არამედ ეს ნიშნავს მხედველობის ქონასაც. რეჟისორი ის არის, ვინც ხედავს. რეჟისორი ხედავს სახეებს, ის განსაკუთრებული მზერით უყურებს „სინამდვილეს“. „სინამდვილე“ მისთვის არის მასალა, ისეთივე, როგორიც თიხაა მოქანდაკისთვის, როგორიც სიტყვაა მწერლისთვის. ის თითების ბალიშებით უნდა გრძნობდეს „სინამდვილეს“. და მაშინ ის შეძლებს ამ „სინამდვილიდან“ თავისი კინოს გაკეთებას. სკოლა ამ კინემატოგრაფიულ ტაქტილობას შეასწავლის. სკოლა ასწავლის „ცოცხალი“ და „უსიცოცხლო“ რეალობის ერთმანეთისგან გარჩევას (დიფერენცირებას). რეჟისორმა, როგორც სოკოს შემგროვებელმა, იცის კარგი სოკოს შხამიანისგან გარჩევა. ეს განსაკუთრებული ტექნიკაა. უნდა შეგეძლოს, განასხვავო „ცოცხალი“ სახე „უსიცოცხლოსგან“, და უნდა შეგეძლოს „ცოცხალი“ ადგილების (ლოკაციების) დიფერენცირება. თუ ფილმის მოქმედება „უსიცოცხლო“ ადგილზე ხდება, კადრი კარგავს ფლუიდს – კადრი მხოლოდ ინფორმაციის მატარებელი ხდება, ფუჭია. იგივე ითქმის განათებზე, ფერზე, ხმაზე და ყველა სხვა კომპონენტზე, რომელიც ფილმის მასალას წარმოადგენს.

კინოსურათს ერთი თავისებურება აქვს: ის არ დაიყვანება არც იდეაზე, არც სიუჟეტზე, არც ფაბულაზე, არც გამოსახულებაზე, არც გმირებზე, არც სპეცეფექტებზე. ყოველი „ნამდვილი“ ფილმი არის „ცხოვრების“ შექმნა ან აღდგენა. ამ „ცხოვრებას“ საკუთარი თავიდან ვერ გამოიხმობ – ასეთია კინოს სპეციფიკა – მას რეალობასთან უნდა ჰქონდეს კავშირი. კინო სწორედ ამ „ცხოვრებას“ იჭერს თავის უშუალობაში. და რეჟისორის ოსტატობა არის „ცხოვრების“, სინამდვილის დაჭერის. მისი რადარზე დაჭერის  ოსტატობა. და ეს მხოლოდ იმ კინოს არ ეხება, რომელსაც, ჩვეულებრივ, „რეალისტურს“ უწოდებენ. ლაპარაკია არა რეალისტურობაზე, არამედ უტყუარობაზე. ფანტასტიკური სახეც კი უტყუარი უნდა იყოს. ის მხოლოდ სქემებით არ იქმნება, უნდა დაიჭირო მისი „ყოფიერება“, ამისთვის კი ინსტრუმენტებია საჭირო. გულუბრყვილობა იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ამის სწავლა ამერიკელი სპეციალისტებისგან შეიძლება, რადგან ჩვენ ჩვენი რეალობა გვაქვს და თვითონ უნდა შევქმნათ ინსტრუმენტები, რომლებსაც მისი დაჭერა და გარდაქმნა შეუძლია. 

არსებობს განსაკუთრებული ტექნიკები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია „სინამდვილის“ დაჭერა, და სკოლა, პირველ რიგში. ამ ტექნიკებს ასწავლის. ეს ტექნიკები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე “ანბანური“ ხელობა. სინამდვილეში, სწორედ ეს ტექნიკებია ხელობა და არ არსებობს არავითარი საყოველთაო კანონები, სად დაიდგას კამერა, როგორ გაიშალოს მიზანსცენა, როგორ ითამაშონ. არსებობს ტექნიკა – როგორ დაიჭირო რადარზე „სინამდვილე“. და მისი დაჭერა სწორედ კამერის, მიზანსცენის, მსახიობის თამაშის საშუალებით შეიძლება.

„სინამდვილესთან“ კონტაქტის გარეშე მიწოდებული კანონები და წესები პროფესიის დაუფლების ილუზიას ქმნის და ამით უკან გვხევს. რეჟისორები, რომლებიც მხოლოდ ტექნიკურ ჩვევებს ფლობენ, არ ფლობენ ძირითად ჩვევას – დანახვის ჩვევას, და რადგან კინოს მხოლოდ წესების მიხედვით აკეთებენ, მათი კინო „უსიცოცხლოა“.

ჩვენი პარტნიორები