GE EN

მანიფესტი

ყურადღება „სინამდვილის“ მიმართ

ჩვენ „დროში“ ვცხოვრობთ და ყოველი დრო სამყაროს საკუთარი სურათის შექმნას ცდილობს. „სურათის“ შესაქმნელად საჭიროა ახალი ინსტრუმენტები – ოპტიკური ხელსაწყოები. ძველი ხელსაწყოები ერთბაშად გამოუსადეგარი ხდება. ხელოვანის თვალთახედვა იცვლება, განიცდის ძვრას, რაც სახე-ხატებისა და სტილების მრავალფეროვნებას იწვევს.

არსებობს ჩესლავ მილოშის ძალიან ზუსტი გამონათქვამი: ხელოვანი არის „სინამდვილის მაძიებელი“. ხშირად ასე ხდება: დრო იცვლება, და რეჟისორები, რომლებიც დრომოჭმული ენის მარწუხებში რჩებიან, უნებურად სიყალბეში ვარდებიან; კინო მათ ემალება, უსხლტება, არ გამოდის. ეს რეჟისორები, რომლებიც „თავიანთი საქმის ოსტატები“ არიან, მაინც ვერ პოულობენ „სინამდვილეს“. ხდება ისე, რომ „სინამდვილე“ თითქოს წინ გარბის და მხატვრული ველი მკვეთრად ფართოვდება. და ცხადი ხდება, რომ უკვე აღარ შეიძლება ისე გადაღება, როგორც ადრე იღებდნენ, არ შეიძლება განათების ძველებურად დაყენება, არ შეიძლება ძველებურად თამაში, ძველებურად არ შეიძლება თხრობა. არ შეიძლება წინანდელი ინსტრუმენტების, წინანდელი სვლების, სტილების გამოყენება. ძველ ენას გამოეცალა ენერგია, ფლუიდი. და აზრი არა აქვს მკვდარი კანონების სწავლას. ცოცხალი კანონების გადაცემა კი მხოლოდ ცოცხალი ხელებიდან არის შესაძლებელი.
სკოლის მიზანია, სტუდენტებს არა მარტო ხელობა შეასწავლოს, არამედ მათ სხვა უნარებიც გამოუმუშავოს. ეს არის უნარი, შექმნა „ცოცხალი“ და არა „მკვდარი“.

ენა და სტილი

ამბები არ ძველდება. ძველდება მათი გადმოცემის ხერხები. რაზე მეტყველებს პაზოლინის გამონათქვამი – „ნეორეალიზმი ველოსიპედების გარეშე“? იმაზე, რომ „ველოსიპედები“ შაბლონი გახდა – დოქსა. ხელოვნება კი ვერ ცოცხლობს იქ, სადაც არის დოქსა – ხელოვნება ყოველთვის პარადოქსულია. ყოველი დიდი მწერალი – ეს არის ენობრივი ძვრა. ყოველი დიდი რეჟისორი – ეს არის ენობრივი ძვრა.

აუცილებელია, რომ „შენი“ დროის სულით განიმსჭვალო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჭიროა „ძველი“ გმირების მექანიკურად ჩანაცვლება „ახალი“ გმირებით, მაღალფარდოვანი მეტყველების არგოთი შეცვლა. თანამედროვე კინოში, თეატრში, ლიტერატურაში ხშრად ხდება ასე, რაც თითქოს „სიახლეზე“ მეტყველებს, მაგრამ ეს მოჩვენებითი სიახლეა. „დროის სული“ არ ბუდობს ჩვენთვის ნაცნობ „დღევანდელ“ ტიპებსა და სახეებში, მათს არგოში. ის ფორმებსა და ნიშნებში, კონტურებშია შეფარებული, რომლებიც ენად, სტილად ყალიბდება. მხოლოდ ენასა და სტილს შეუძლია, გახდეს „რეალურის“, „ნამდვილის“ სარკე.

პნევმა

კინოში მნიშვნელოვანია, ამ „სინამდვილის“ მოხელთება ისწავლო. მნიშვნელობანია საკუთარი ტონის პოვნა. ამერიკულ კინოშიც კი – ფილმები, რომელსაც სპილბერგი, რიდლი სკოტი, ტიმ ბარტონი, ტარანტინო იღებენ, სავსეა მათი გატაცებებით, მანკიერებით, ვნებით, შიშებით. ფილმები მათი ინდივიდუალობით არის სავსე.

საჭიროა არა მარტო კანონების სწავლა, საჭიროა, ისწავლო საკუთარი თავის მოსმენა, საკუთარი შიშებისა და ფარული სურვილების მოსმენა. კინო ხშირად ცუდი გამოდის, რადგან ის ლეკალოს მიხედვით არის გადაღებული. ზოგჯერ ყველაფერი „სწორად“ არის, მაგრამ მკვდარია. საკმარისი არ არის, გქონდეს „სწორი“ დრამატურგია, საკმარისი არ არის, შეგეძლოს მიზანსცენის „სწორად“ აგება, საკმარისი არ არის, შეგეძლოს მსახიობებთან „სწორად“ მუშაობა. გმირები და გარემოებები მხოლოდ გათვლით და მხოლოდ შეგულიანებით არ იქმნება. საჭიროა, მათ სიცოცხლეც შთაბერო. აიღო და შთაბერო საკუთარი ფილტვებიდან. ამისთვის კი უნდა გქონდეს პნევმა. ხშირად კინო ყალბი და ყოვლად უვარგისი იმიტომ კი არ გამოდის, რომ რეჟისორი ხელობას არ ფლობს, არამედ იმიტომ, რომ ის ხელობით და მხოლოდ ხელობით კეთდება, თუმცა საჭიროა, რომ ის „ვნებითაც“ კეთდებოდეს. ცხოვრებას თითების ბალიშებით უნდა შეიგრძნობდე. ცხოვრების სივრცე ხომ ისეა მოწყობილი, რომ მტკივნეული წერტილები ადგილს იცვლის. დღეს აქ არის, ხვალ – იქ. და ამ მიგრაციების მიმართ მგრძნობიარე უნდა იყო.

სიტუაცია

პედაგოგი არ ასწავლის, მარტო ის არ ასწავლის. ასწავლის ვითარება. როდესაც ის არსებობს, სტუდენტი მას შეიწოვს ფილტვებით, კანით. როდესაც არსებობს „ვითარება“, სტუდენტი კედლებისგან სწავლობს. თანამედროვე სამყაროში ყველაფერი კონკრეტული გახდა. „კედლებს“ გამოეცალა აურა, გამოეცალა „სული“.  ნებისმიერი სკოლის უპირველესი საქმე კი გონების აღელვებაა. რადგან მხოლოდ მოუსვენარ გონებას შეუძლია, ჩაწვდეს „ცოცხალ“ ხელობას. „ცოცხალი“ კინოს გაკეთება მხოლოდ მოუსვენარ ხელებს შეუძლია. პითაგორა ამბობდა: „როდესაც სადღაც სამყაროში ვიღაც თეორემას ამტკიცებს – ხარები ღელავენ“. და იმისთვის, რომ „ცოცხალი“ „უსიცოცხლოსგან“ განასხვავო, მხოლოდ ერთი კრიტერიუმი არსებობს – ეს ხარების ღელვაა!

ჩვენი პარტნიორები