GE EN

სასცენარო ლაბორატორია

თუ გადაწყვიტეთ, რომ პროფესიონალი სცენარისტი გახდეთ, რომელიც არ კმაყოფილდება იმით, რომ იცის სცენარების წერა უჯრაში შესანახად; თუ თქვენი უპირველესი სურვილია, თქვენი ამბები გადაღებული ნახოთ, გმირები კი - ხორცშესხმულები; თუ გინდათ, კინემატოგრაფიული გუნდის ნაწილი გახდეთ და თქვენს საქმეში საუკეთესო პროფესიონალის რეპუტაცია მოიპოვოთ - გელით ჩვენს კურსზე.

ჩვენ პრაქტიკოსებს ვამზადებთ. ადამიანებს, რომლებიც ყველაზე უკეთ ერკვევიან თანამედროვე „ახალ კინემატოგრაფში“ და ვირტუოზულად იციან მუშაობა კინომატერიასთან - შეუძლიათ, უბრალო ამბები კინოსთვის ნიჭიერად დაწერილ ამბებად აქციონ.

კაკს-ის სასცენარო კურსის თითოეული სტუდენტი პირადად მიიღებს შედევრის შექმნის საიდუმლო კოდს, რომელსაც ერთხელ თუ გაიგონებ, მის გამოყენებას მთელი ცხოვრების მანძილზე შეძლებ.

თეორიისა და პრაქტიკის, საერთო და ინდივიდუალური მეცადინეობების ეფექტური შეთავსება

რით განსხვავდება ეს სასცენარო კურსი სხვებისგან? ჩვენ ფეხს ვუწყობთ დროს და არა მარტო ვმუშაობთ პრინციპებით, რომლებსაც „ახალი კინო“ აღიარებს, არამედ წინ ვუსწრებთ დროს, ვიგონებთ ხერხებს, რომლებიც მალე პოპულარული გახდება. ჩვენ ტონს ვიძლევით. ნაბიჯს ვაწესებთ.

ჩვენს მეცადინეობებზე სტუდენტები შეეხებიან კინოდრამატურგიის საფუძვლებს, რომ გაიგონ, ჩვენს დროში რა მუშაობს - და ეს გამოიყენონ, და რა არ მუშაობს. და საჭიროა ახლის გამოგონება, ძველისთვის ანალოგის მოძიება.

როდესაც ავტორი არ იყენებს ძველ, დიდი ხნის მკვდარ ხერხებს და წერს სცენარებს ფილმებისთვის, რომლებიც სავსეა სიცოცხლითა და ინდივიდუალობით, გასაგები და საინტერესოა თანამედროვეთათვის, პროფესია ამ ავტორით ამაყობს.

ჩვენ ორიენტაციას ავიღებთ საუკეთესოზე, რაც ახალ კინოში არის. ჩვენ ვისწავლით სცენარების წერას, თითქოს დაკვეთა ახალი კინოს წამყვანი რეჟისორებისგან მიგვეღოს. ყოველი თქვენგანი შეძლებს, დაწეროს სცენარი ზაიდლისთვის, დარდენებისთვის, კენ ლოუჩისა და სხვებისთვის, რეჟისორის მუშაობის განუმეორებელი სტილისა და თქვენი საკუთარი, საავტორო სტილის ერთმანეთთან შერწყმით.

ჩვენ არ ვზრდით აბსტრაქტულ სცენარისტებს, რომლებიც მხოლოდ თავისას ფიქრობენ და წერენ ტექსტებს, რომლებსაც არასდროს არავინ გადაიღებს. ჩვენ პრაქტიკოსებს ვზრდით - მათ, ვინც მომავალში შეძლებს, ქვეყნის ელიტა და, რაც მნიშნელოვანია, - პრაქტიკოსი ელიტა გახდეს.

კაკს-ში სცენარისტი იძენს პროფესიული ურთიერთობის ჩვევას რეჟისორთან, რომელიც თქვენი იდეის გამტარებელია. სცენარისტი შეიძლება საუკეთესო მეგობარი გახდეს რეჟისორისთვის, მისი მთავარი შემოქმედებითი მრჩეველი. სცენარისტისა და რეჟისორის სიმბიოზი - ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრებაა. და კაკს-ში საოცრებები ხდება.

ჩვენი კურსის სტუდენტები სწავლის პირველივე დღეებიდან იწყებენ მუშაობას სხვადასხვა რეჟისორებთან, რომლებიც ასევე კაკს-ის სტუდენტები არიან, რომ იპოვონ საკუთარი სტილი და ადამიანი. სწავლის დასრულებისთვის თითოეულ სცენარისტს უკვე ჰყავს თავისი რეჟისორი და, შესაბამისად, აქვს ფილმები, რომლებიც მისი ნაწერის მიხედვით არის გადაღებული.

მოცემული კურსის უნიკალობა ოსტატთან საერთო და ინდივიდუალური მეცადინეობების შეთავსებაში მდგომარეობს.

საერთო მეცადინეობებზე კვირაში ორჯერ ჩვენ ვარჩევთ, თუ როგორ არის „დაწერილი“ ფილმები, ვეძებთ კინოთხრობის საკუთარ მანერას და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ კინოდრამატურგიის არაპროფესიონალის თვალისთვის უხილავი ასპექტების გაგებაში.

ყოველკვირეულ ინდივიდუალურ მეცადინეობებზე კურსის ოსტატი მხოლოდ თქვენთან მუშაობს. ამ სისტემამ თავისი ეფექტურობა დაამტკიცა. შედეგად სტუდენტები არ მარტო კინოდრამატურგიის თეორიას ითვისებენ და პრაქტიკულ დავალებებს ასრულებენ, არამედ ამ ცოდნას იქვე იყენებენ თავიანთი სცენარების წერისას.

ოსტატთან კონსულტაციები გეხმარებათ, რომ დოკუმენტური, მხატვრული ფილმის თუ სერიალის სცენარის შექმნის მთელი გზა პროფესიონალის ხელმძღვანელობით გაიაროთ. პრაქტიკაში ყოველ თქვენგანს სირთულეები შეხვდება. მათ დაძლევას სწრაფად შეძლებთ, მიიღებთ რა რჩევას და გაიფანტავთ ეჭვებს.

თქვენ სწავლობთ და მტკიცედ დგამთ პირველ ნაბიჯებს პროფესიაში, რადგან თქვენს უკან ტუტორი დგას, რომელიც ნებისმიერ წუთს მზადაა, გიკარნახოთ და შემოქმედებითი გაშეშებიდან გამოგიყვანოთ.

ჩვენს კურსზე ავტორი მუდმივ ორწლიან ინტენსიურ წვრთნას გადის და ამ დროის მანძილზე სასცენარო კუნთებს იმაგრებს, ხდება ნამდვილი პროფესიონალი, რომელსაც ნებისმიერი სცენარის დაწერა შეუძლია. კაკს-ის სცენარისტს ესმის კინემატოგრაფის ბუნება და იცის მასთან მუშაობა, მან იცის, როგორ ეძებოს თავისი თემები და საერთოდ არ იცის, რა არის შემოქმედებითი უმოქმედობა და იდეების გაჭიანურებული კრიზისი.

რას ვასწავლით

ჩვენ ვასწავლით კინოს შექმნას, და არა საკითხავი ასოებით ფურცლების უაზროდ შევსებას.

ჩვენ საკუთარი მხატვრული სამყაროების შექმნას ვასწავლით, და არა დაშტამპული ხატების გამეორებას, რომლებიც ერთი ფილმიდან მეორეში გადადის.

ჩვენ იდეების გრძნობისმიერი და ეგზისტენციური ხორცშესხმის მიგნებას ვასწავლით, და არა გონებისმიერი, სრულიად ყალბი და უსიცოცხლო კონსტრუქტების აგებას.

ჩვენ ცოცხალ კინოს ვქმნით. კინოს, რომელიც, ერთი მხრივ, მითს, ლეგენდას, მხატვრულ სამყაროს მიმართავს, მეორე მხრივ კი - თქვენს პირად საავტორო განცდებს, დაკავშირებულს რეალურ ცხოვრებასთან.

ჩვენ ყოველ თქვენგანთან თქვენს ინდივიდუალურ, განუმეორებელ სტილს მივაგნებთ და „დავწერთ“ კინოს, რომელიც სავსე იქნება თქვენი საავტორო გულის ენერგიით, თქვენი ფიქრებითა და სამყაროს შეგრძნებით.

შედეგად, თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, შეხვდეთ საკუთარ თავს, როგორც ავტორს, და მიიღოთ გასაღები თემებისთვის, რომლებსაც თქვენზე უკეთ ვერავინ გახსნის.

ყოველი თქვენგანი შეიძენს შემოქმედებით კინოტერიტორიას, რომელზეც შეძლებს, პროფესიაში საუკეთესო გახდეს.

რასთან ვმუშაობთ

მთავარი ამოცანაა, დაინახო, გაიგონო, იგრძნო შენი დრო და დაიჭირო ის შენი სცენარის, „დაწერილი კინოს“ ფურცლებზე. ამისთვის ჩვენ მუდმივად რეალობასთან კავშირში ვიმუშავებთ. ჩვენი ამოცანაა, სწავლების განმავლობაში თითოეულისთვის ხატების, პერსონაჟთა პროტოტიპეპის პირადი კარტოთეკა შევქმნათ. ერთგვარი საცავი პირადი გამოცდილებისა - იმის, რაც გაიგონეთ, იგრძენით, დაინახეთ.

თქვენ მიიღებთ საშინაო დავალებებს, დაკავშირებულს რეალურ ადამიანებთან, მეცადინეობებზე კი მოვიწვევთ სტუმრებს (ზოგჯერ ჩვენ ვეწვევით მათ). ეს სტუმრები სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან. სხვადასხვა პროფესიის, სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები და ისინი, ვინც არავითარ ჯგუფში არ ეწერება. თქვენ მათთან ურთიერთობას და საკუთარ რუკაზე სცენარისკენ მიმავალი პირადი მარშრუტის მონიშვნას შეძლებთ. რადგან, რაც უფრო დიდია თქვენი ადამიანური (გრძნობისმიერი) გამოცდილება, მით უფრო ძლიერი ხართ, როგორც ამბების მთხრობელი.

ჩვენ არ გამოვიგონებთ მათხოვრებს, შეშლილებსა და მეხანძრეებს (გადამრჩენებს, ვერგადამრჩენებს ან ისეთებს, ვისაც არასდროს არავის გადარჩენა არ მოუხდა). ჩვენ ურთიერთობა გვექნება მათთან და პერსონაჟებს იმის მიხედვით ავაგებთ, რაც ამ ურთიერთობისას დაინახეთ, გაიგეთ და იგრძენით.

ჩვენ ვისწავლით კინოტილოზე ხატების ცხოვრების ძაფით ქარგვას, საკუთარი ენისა და პროფესიული ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც ამაში დაგვეხმარება.

ცხადია, ჩვენ გავარჩევთ ანბანს: ვინ არის პერსონაჟი და როგორ ვაქციოთ ის გმირად, რა არის კონფლიქტი, შემობრუნება, მოქმედება. ჩვენ დაწვრილებით გავაანალიზებთ ოსტატი რეჟისორების სცენარებს, აქცენტით ახალი ტალღის წარმომადგენლებზე. მათზე, ვინც თქვენამდე იყო. მათზე, ვის საქმესაც გააგრძელებთ.

დაწყებული ნულოვანი წლებიდან, როგორც კინემატოგრაფი, ისე „ახალი დრამის“ თეატრი კონკრეტული მიმართულებებით წავიდა, რაც თხუთმეტი წლის განმავლობაში გვახარებდა. გზის გამკვალავმა და მოძრაობების წამომწყებმა ადამიანებმა ბევრი გააკეთეს როგორც კინოს, ისე თეატრის განვითარებისთვის. კინოში საკუთარი წვლილის შეტანის დრო მოვიდა.

დოქტრინა

დღეს ბევრს ლაპარაკობენ „სცენარების კრიზისზე“. ინდუსტრიას მწვავედ ესაჭიროება „კარგი“ ამბები. მაგრამ კარგი სცენარი მხოლოდ მოცემულ თარგზე გაკეთებული ამბავი არ არის. „კარგი“ სცენარი მრავალი კომპონენტის და ტექნიკის ერთობლიობაა, რომელთა ფლობას ჩვენი სკოლა ასწავლის.

სასცენარო ოსტატობის სწავლა არ დაიყვანება ცხადი წესების მექნიკურ ათვისებაზე, რომლებიც გამარტივებული სახით არის წარმოდგენილი პოპულარულ სახელმძღვანელოებში მიმზიდველი სათაურებით. წესები მხოლოდ ერთი შეხედვით არის ცხადი და მაშინაც კი, როდესაც ეს სწორი წესებია, მათი შესრულება ხშირად ვერ ხერხდება, და წესები ქვიშასავით გეცლება ხელიდან.

იმისთვის, რომ ამბავი შექმნა, საკმარისი არ არის მისი წესების და თარგების მიხედვით აწყობა, უნდა იცოდე, როგორ აქციო ის „ცოცხლად“. უფრო ზუსტად, უნდა იცოდე, როგორ ეძებო და იპოვო „ცოცხალი“ მასალა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაუშვა ის ყოველგვარი წესების ბადეში.

სახელმძღვანელოდან ამოკითხული ან თავდაჯერებული „ვარსკვლავისგან“ გაგონილი წესი ჯერ კიდევ არ არის მზად გამოსაყენებლად. ხშირად, თუ ის არასწორ (მოუმზადებელ) ხელში ხვდება, წესი კვდება. არასწორ ხელში მოხვედრილი წესი ისევე კვდება, როგორც მარგალიტი იღუპება შეუფერებელ გარემოში.

სკოლა თავის სტუდენტებს ასწავლის, მასალა თითების ბალიშებით შეიგრძნონ. სცენარისტის ერთ-ერთი მთავარი უნარი „ცოცხალი“ მასალის „მკვდარი“ მასალისგან გარჩევის უნარია.

სცენარისტისთვის მასალა არის ხატები, ხასიათები. სცენარისტისთვის მასალა თვით „რეალობაა“. ყველაფერი ერთნაირად „რეალური“ არ არის. არსებობს წარმოუდგენელი ენერგიით დამუხტული ხატები. მათგან თითქოს დენი გირტყამს. სკოლა ასეთი ძლიერი ხატების უღონო ხატებისგან გარჩევას ასწავლის თავად ცხოვრებაში, „რეალობაში“. ასწავლის ამ „ცოცხალი“, ძლიერი ხატების მოძებნას სხვა ხატების უსასრულო ორომტრიალში, რომლებიც შაბლონად იქცა. სკოლა ამ ხატების კანონებსა და წესებში მოქცევას ასწავლის.

მასტერკლასების სისტემა

ოსტატთან საერთო და ინდივიდუალური მეცადინეობების გარდა, მოცემული კურსის სტუდენტებისთვის მოწვეულები იქნებიან წამყვანი სცენარისტები, რომლებიც პროფესიონალი ავტორების ტოპ-ჯგუფს შეადგენენ კინოსთვის. ისინი ოსტატობის საიდუმლოებს გაგიზიარებენ, შეხვედრებზე, ლექციებსა და მასტეკლასებზე გადმოგცემენ ცოდნას საავტორო ხედვის ჩამოყალიბების, ამბებთან მუშაობის პრაქტიკული ჩვევების შეძენის თაობაზე, ცოდნას ისეთი კინოამბის მოყოლის ოსტატობის შესახებ, რომელიც სუნთქვას შეგიკრავს.

იქნება მეცადინეობები, რომლებიც დაეთმობა სიუჟეტს, ფაბულას, ხასიათს, კონფლიქტს.

იქნება სპეციალური მასტერკლასები, რომლებიც თხრობის ყველა კომპონენტს შეეხება: მონოლოგურ და დიალოგურ ენას, ფაქტურას და ნახატს, რიტმს, სტილს, სტატიკურ და დინამიკურ ფორმებს, ჰარმონიას და დისჰარმონიას, დისონანსს და კონსონანსს.

შეხვედრების სერია მიეძღვნება კარგად გაკეთებული სერიალების შექმნის თეორიასა და პრაქტიკას. ორიენტაციას ავიღებთ წამყვან ამერიკულ, ევროპულ და რუსულ სერიალებზე, გავარჩევთ, რა ისტრუმენტებია მათ შესაქმნელად გამოყენებული და ვცდით საკუთარი მრავალსერიანი ამბების შექმნას.

იქნება მასტერკლასები, რომლებიც იდეების შექმნას მიეძღვნება. ჩვენ შევეხებით თემებს: „საიდან მოდის იდეები?“, „რა არის ორიგინალური იდეა?“, „როგორ უნდა შეიქმნას ხატი, რომ მისგან, როგორც გორგლიდან, თავისთავად გაიშალოს ამბავი?“.

იქნება სემინარი დასახელებით „როგორ ვაქციოთ ამბავი ჩვენად?“. დიდი სცენარისტების მიერ შექმნილ ამბებს აქვს საკუთარი სახე, აქვს ინდივიდუალობა - ეს სცენარები არ არის ანონიმური, არ არის უბრალოდ კარგად დალაგებული. მათში მხოლოდ ზუსტი ხასიათები, მარჯვე სიუჟეტური სვლები და ორიგინალური ფაბულა არ არის. მათში არის კიდევ რაღაც. ამ სემინარზე პედაგოგი და სტუდენტები ერთად შეეცდებიან, უპასუხონ კითხვას - რა არის ეს რაღაც?

იქნება კურსი, რომელიც ამბის მოკლედ გადმოცემას ასწავლის. სტუდენტები ისწავლიან, როგორ დაწერონ სინოფსისი, ტრიტმენტი, ეპიზოდების თანამიმდევრული გეგმა. ისწავლიან პერსონაჟებისა და ხასიათების გასაგებად აღწერას.

საგანმანათლებლო პროგრამა

სასცენარო ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროგრამა 2-წლიან სწავლებას გულისხმობს, რომლის შედეგად კურსდამთავრებული აუცილებელ პროფესიულ მომზადებას იძენს მხატვრული და დოკუმენტური კინოს სცენარისტის სპეციალობით სამუშაოდ.

სკოლაში ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ სწავლის პერიოდში შეძენილი ცოდნისა და უნარების წყალობით კურსდამთავრებულმა კინოდრამატურგიის ნებისმიერ ჟანრში წარმატებით შეძლოს მუშაობა.

გულდასმით შეჯერებული თეორიული კურსი სამი სემესტრის განმავლობაში გრძელდება და მოიცავს ლექციებს, სემინარებს, კინოჩვენებებს, მრგვალ მაგიდებს, წამყვანი სცენარისტების მასტერკლასებს.

ტრადიციულ კინოგანათლებასთან შედარებით ეს თეორიული კურსი ბევრად მეტ მომიჯნავე ჰუმანიტარულ დისციპლინას მოიცავს, რომელიც წარმოდგენას უქმნის სტუდენტს თანამედროვე ხელოვნების ვითარებაზე ზოგადად და მას ამ ვითარებაში ორიენტირების შესაძლებლობას აძლევს.

კინოს ისტორიისა და თეორიის ტრადიციული დისციპლინების გარდა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კურსებს, რომლებიც თანამედროვე კინოს დამკვიდრებულ და ახალაღმოცენებულ სტილებსა და ენებს იკვლევს და აანალიზებს, აგრეთვე კინოდრამატურგიაში უახლესი დინებების კვლევას.

სტუდენტი-კინოდრამატურგებისთვის სავალდებულოდ ითვლება პროგრამით დადგენილი რაოდენობის საათებზე დასწრება სარეჟისორო სახელოსნოებში. სწავლების მეოთხე დამასრულებელი სემესტრი მთლიანად სადიპლომო სცენარზე მუშაობას ეთმობა.

პროგრამით გათვალისწინებული ყველა გამოცდისა და ჩათვლის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე კომისიის მიერ მოწონებული სადიპლომო სცენარის ჩაბარების შემდეგ კურსდამთავრებულს ეძლევა დადგენილი ნიმუშის დიპლომი.

რჩეული სადიპლომო სცენარები სასწავლო და შემოქმედებით კონკურსებზე იგზავნება.

ჩვენი პარტნიორები