GE EN

ახალი ინდუსტრია

ჰოლივუდი არა მხოლოდ (და არა უბრალოდ) ბიზნესია – ეს არის მითების სისტემა. იმისთვის, რომ „საკუთარი“ ინდუსტრია შექმნა, საკმარისი არ არის, გქონდეს რთული სისტემა, რომელიც წარმატებით მომუშავე სხვადასხვა კინემატოგრაფიული მექანიზმებისგან შედგება, საჭიროა აგრეთვე, გქონდეს „საკუთარი“ მითოლოგია.

1. ახალი კინოს კავკასიური სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქართული კინემატოგრაფისთვის ახალი სისხლის გადასხმა. გულუბრყვილოა წარმოდგენა, თითქოს საქმე მხოლოდ ხელობაშია, პროფესიაში, სცენარის დაწერის ან კინოს გადაღების არცოდნაში. საკითხი ბევრად უფრო ღრმაა. სკოლა მთელი რიგი კვლევების ინიცირებას აპირებს იმის შესასწავლად, თუ როგორ ფუნქციონირებს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კინოინდუსტრიის – ამერიკული კინოინდუსტრიის სხვადასხვა დონეები და სისტემები. ამ ინდუსტრიის მთავარი შემადგენელია მასში მითოლოგიური სისტემის არსებობა. ჰოლივუდი ოლიმპოს მსგავად არის მოწყობილი. ის სტრუქტურირებულია მითოლოგიური, და არა პრაგმატული კანონების მიხედვით, და მცდარია წარმოდგენა, თითქოს ეს სუფთა ბიზნესია. ეს არის ჩვენი შეცდომა, ჩვენ ჰოლივუდს ზედაპირულად ვუყურებთ, ვცდილობთ, გადმოვიღოთ სქემები და თარგები, მაგრამ საჭიროა სიღრმეში ჩახედვა. საჭიროა მითოლოგიური სისტემის აგება. მაგალითად, პოლიციელი და ქურდი – ეს მითოლოგიური ფიგურებია. და ჩვენ არ გამოგვდის კარგი ფილმები ქურდებსა და პოლიციელებზე არა იმიტომ, რომ არ გვაქვს კარგი სცენარები ან არ გვყავს რეჟისორები, რომლებმაც ფილმების გადაღება იციან, არამედ იმიტომ, რომ არ გვყავს ეს მითოლოგიური ფიგურები – საკუთარი. შეუძლებელია, იმუშაო უცხო მითოლოგიით. ჩვენ ახლა ისეთ ვითარებაში ვიმყოფებით, როგორშიც ჰოლივუდი იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში. უნდა დავიწყოთ ფიგურების, მითიური ფიგურების შექმნა, ისინი საკუთარ სინამდვილეში უნდა ვიპოვოთ და შემდეგ დიდხანს ვხვეწოთ, ჩავდოთ მათში ყველაფერი ის, რასაც „ფიგურა“ ითხოვს – ქარიზმა, ხატის სიწმინდე, პირობითობა.

ყველა ეს „ფიგურა“ და მითი ხელახლა უნდა შეიქმნას. ის, რაც აქამდე იყო, ამოიწურა! არსებობდა „საბჭოთა“ მითოლოგია. ის ორიგინალური იყო. საბჭოთა ეპოქაში კინემატოგრაფი ყვაოდა. არსებობდნენ გმირები, არქეტიპები, ჟანრები და ეს ყველაფერი ერთ დღეს დაინგრა. ჩვენ სხვა ქვეყანაში აღმოვჩნდით, მითების, ხატების გარეშე – ჩვენ დავკარგეთ არქეტიპები. ჩვენს ხატებს ფლუიდები გამოეცალა და ჩვენ აღმოვჩნდით ვითარებაში, სადაც „ჯარისკაცი არ არის ჯარისკაცი“, „დამნაშავე არ არის დამნაშავე“, „პროფესორი არ არის პროფესორი“, „საყვარელი არ არის საყვარელი“.

2. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი რეალობა "რეალური" არ არის იმდენად, რამდენადაც ამერიკული რეალობაა „რეალური“. ამიტომ დასაწყისისთვის რაც შეიძლება მეტად უნდა დავშორდეთ რეალობას. უნდა შევიგნოთ ასეთი ფორმულა: რაც უფრო შორს სცილდება რეალობას, მით უფრო უტყუარია! ასეთია ვითარება ქართულ სინამდვილეში და თუ მას შევიგნებთ, შეიძლება პირველი ნაბიჯების გადადგმა დავიწყოთ. რეალობას უნდა გავეცალოთ. რეალობა კი არ უნდა დავიჭიროთ, როგორც საავტორო კინემატოგრაფში, –არამედ მას უნდა გავეცალოთ, სხვა სამყაროები შევქმნათ.

„ცოცხალი“ ხელობის შესწავლა ნიშნავს ისწავლო, განასხვავო „ცოცხალი“ კანონი უკვე „გამოფიტული“, „მკვდარი“ კანონისგან. კანონი, ისე, როგორც ადამიანი, ბერდება, იფიტება, ცარიელი, უსარგებლო ხდება. ამ „ცარიელი“, „მკვდარი“, „გუშინდელი“ კანონებით ხელმძღვანელობა იწვევს სიყალბეს, მენტალურ კვდომას. და ისე ხდება, რომ ყველაფერი "სწორად" არის გაკეთებული, კანონის მიხედვით – მაგრამ არ "მუშაობს"! მაყურებელი ხომ გულის თვალით უყურებს, და არა გონების თვალით. მას „არ სჯერა“, არ აინტერესებს – იმიტომ, რომ „კანონის მიხედვით“ არის, და არა „ცხოვრების მიხედვით“. ცხოვრებას კი თავისი კანონები აქვს. ეს კანონები არასოდეს არის „გუშინდელი“. ისინი ყოველთვის თანხვედრაშია თვით ცხოვრებასთან. და როგორც სიყვარულია შეუძლებელი წინასწარ მოცემული თარგის მიხედვით, ისე შეუძლებელია მხოლოდ თარგით ფილმის კეთება.

ხელობის შესწავლა – ეს ნიშნავს, ისწავლო ცხოვრების „ფირზე“ გადატანა. აქ არსებობს კანონები და ეს კანონები არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ისინი არ დაიყვანება დრამატურგიის, რეჟისურის, სამსახიობო ოსტატობის ანბანურ ჭეშმარიტებებზე. თუმცა „ჭეშმარიტებები“ არსებობს და ბევრ ამერიკულ სახელმძღვანელოში ისინი სწორად არის მოცემული. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ „სწორი“ კანონებისა და ჭეშმარიტებების ფუნქციონირებისთვის, რომლებსაც რობერტ მაკი ასე წარმატებით წარმოადგენს თავის ლექციებსა და წიგნებში, საჭიროა ამერიკული კინოინდუსტრია. მაგრამ რატომ? განა ეს კანონები უნივერსალური არ არის? დრამატურგიის კანონები, სიუჟეტის განვითარების კანონები, ხასიათების აგების კანონები, გმირების ურთიერთქმედების კანონები, განა უნივერსალური არ არის? მაშ რა კანონებია, თუ უნივერსალური არ არის? კანონები კი არის უნივერსალური, მაგრამ კანონების მიხედვით ფილმის გასაკეთებლად კიდევ რაღაც არის საჭირო – უნდა არსებობდეს „ცოცხალი“ მასალა, რომლისგანაც სცენარი იქმნება და ფილმი კეთდება. კანონები რომ გამოიყენო, უნდა გქონდეს ინგრედიენტები, რომლებსაც ამ კანონებს მიუსადაგებ. იმისთვის, რომ რეცეპტის მიხედვით კერძი მოამზადო, „ახალი“ პროდუქტებიც უნდა გქონდეს. სანამ კანონებს დავიცავდეთ, უნდა გვყავდეს ცხოვრებისეული გმირები, უნდა გვქონდეს თავად „ცხოვრება“, უნდა გვქონდეს მითი. და საჭიროა ამ მითის შექმნა!

3, ინდუსტრიამ უნდა ისწავლოს ხატების შექმნა, უნდა ვისწავლოთ, როგორ მივანიჭოთ ჩვენს მსახიობებს ქარიზმა. ამერიკელი მსახიობები ხომ ადამიანები არ არიან – ისინი თითქოს ოლიმპოს ღმერთები ან გმირები არიან – უწესოები, ვერაგები, თავაშვებულები. ასე იქმნება მათი ხატი. ეს საჭიროა გარკვეული დისტანციის შესაქმნელად. დისტანცია კი მითოლოგიური სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია. მე აქ ვარ, მსახიობი კი – იქ, შორს, ოლიმპოზე. ის არ არის ადამიანი იმ გაგებით, რა გაგებითაც მე ვარ ადამიანი – ის სხვა კანონებით ცხოვრობს, ჩემთვის გაუგებარი, მაგრამ მომნუსხველი, მიმზიდველი, საინტერესო კანონებით. ამერიკული ინდუსტრია დიდ ყურადღებას უთმობს ამ წინააღმდეგობრივი ხატის შექმნას – ის აშენებს მსახიობს, მისგან მითს ქმნის. და შემდეგ მაყურებელი ამ საოცარი არსების – ინფანტილური, არამიწიერი, ჭირვეული, უზნეო არსების სანახავად მიდის. ის მიდის, რომ ნახოს, როგორ მოძრაობს ეს არსება ეკრანზე. ჩვენთან კი, საკმარისია, ასე თუ ისე საინტერესო მსახიობი გამოჩნდეს, რომ მისი ხატი მაშინვე ინფლაციას განიცდის. ეს იმიტომ ხდება, რომ ინდუსტრიას არ გააჩნია ხატთან მუშაობის ინსტრუმენტები. ცოცხალი ადამიანი და მისი ხატი – ეს ორი სხვადასხვა რამ არის. ჩვენთან მსახიობი მაშინვე ყოველდღიური, საყოველთაოდ მიღებული, ოჯახური ღირებულებების ტრანსლირებას იწყებს – ის ისეთივეა, როგორც ყველა, მას ყველაფერი ისე აქვს, როგორც სხვებს, ირღვევა დისტანცია – ის აღარ არის მითოლოგიური ენერგიის მატარებელი, რომელიც სპონტანურად წარმოიშვა მისი პირველი გამოჩენისას. და მის სანახავად კინოში აღარავინ მიდის. ინდუსტრია ყველა ამ ელემენტის – დრამატურგიის, ხელობის, ხატის, მითოლოგიის, ქარიზმის – ერთობლიობაა.

ახალი კინოს კავკასიური სკოლა მიზნად ისახავს, ბიძგი მისცეს მთელი მიმართულების შექმნას, რომელიც შეეცდება, გაზარდოს რეჟისორები, სცენარისტები, დრამატურგები, სოციოლოგები ინდუსტრიის საჭიროებებისთვის, მისი წარმატებით ჩამოყალიბების მიზნით.

ჩვენი პარტნიორები